ბიოგრაფია

     ნუგზარ ერგემლიძე დაიბადა 1955 წლის 1 მაისს ქ.ბათუმში. მამა ოთარ ერგემლიძე, დედა ვალენტინა კოპალეიშვილი. დაამთავრა ბათუმის №2 საშუალო სკოლა (ახლანდელი №1) ბათუმის სამხატვრო სკოლა. მე-5 კლასში პირველად მოისმინა ანსამბლ "ბითლზების" ჩანაწერები, რამაც გიტარა ააღებინა ხელში. გიტარის პირველი აკორდები აღმზრდელმა ბებიამ თამარ ქვარიანმა ასწავლა. შემდეგ თვითმასწავლებლის სახელმძღვანელოთი გააგრძელა ინსტრუმენტის შესწავლა. პარალელურად წერდა ლექსებს. ხატვა 4 წლის ასაკში დაიწყო. მამამ, შეამჩნია ბავშვის ნიჭი და მისი ყოველმხრივი წახალისება დაიწყო.

     ბათუმში ნუგზარის მეზობლად ცხოვრობდა ბარდანაშვილების ოჯახი, რომელთაც სამი ვაჟი ჰყავდათ რუბენი, სოსო და მერაბი. ის მერაბს ხშირად სტუმრობდა. სოსო ბარდანაშვილს, რომელიც კონსერვატორიის სტუდენტი გახლდათ შეუმჩნეველი არ დარჩა ნუგზარის სიმღერები, ის კონსულტაციას უწევდა დამწყებ ხელოვანს, უხსნიდა ჰარმონიის საფუძვლებს, უსწორებდა ლექსებს. სოსო ბარდანაშვილი დღეს ისრაელში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული კომპოზიტორია.

     1973 წლიდან ნუგზარი სამხატვრო აკადემიის სტუდენტია, აქვე ხვდება თვითმოქმედი ანსამბლის წევრი, უკრავს ბას-გიტარაზე და მღერის საკუთარ სიმღერებს. ჯგუფში მასთან ერთად იყვნენ ზურა მანაგაძე (ამჟამად ცნობილი ქართველი კომპოზიტორი) აწ. გარდაცვლილი ავთანდილ შარვაძე (მრავალი პოპულარული სიმღერის ავტორი) ოთარ იაგორაშვილი, ავთო ფერაძე და სხვა.

     1975 წელს შეიქმნა ვია "75" რობერტ ბარძიმაშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც მანამდე შექმნა ლეგენდარული "ორერა". ვია "75" ახალ გზებს ეძებდა მუსიკალურ სივრცეში... რობერტ ბარძიმაშვილმა გადაწყვიტა დაედგა პირველი ქართული როკ-ოპერა. კომპოზიტორად მან სოსო ბარდანაშვილი მიიწვია, ხოლო სოსომ ლიბრეტოს ავტორობაზე ნუგზარ ერგემლიძე წარუდგინა პროექტის ხელმძღვანელს. ასე შედგა რობერტისა და ნუგზარ ერგემლიძის გაცნობა.

     1978 წელს ნუგზარმა დაამთავრა სამხატვრო აკადემია, მიიღო მონაწილეობა რამდენიმე ახალგაზრდულ გამოფენაში. მუშაობდა ტექნიკური ესთეტიკის ინსტიტუტში, მაგრამ როგორც ავტორი თანამშრომლობდა "75"-თან. 1980 წელს ჯგუფმა წარმოადგინა პროგრამა "რეტრო", სადაც ნუგზარ ერგემლიძის მრავალი სიმღერა თუ ლექსი შევიდა. მათ შორის "თუკი" (პირველი სიყვარული) "ბაკურიანი", ლიანები", სადღაც", "ფოთოლცვენა", "როცა თოვლი მოვა" და სხვა.

     1982 წლიდან ნუგზარ ერგემლიძე საქართველოს ტელევიზიის რედაქტორია. როგორც სცენარისტმა მრავალი პოპულარული პროექტი შექმნა. მათ შორის "რეტროვიზია", "მეშვიდე ცა", "რადიო რინგი", "ცოცხალი პოკერი", "მო-TV", "რეტრომობილი", "გემო-TV". თანაავტორთა ჯგუფთან ერთად "ნაღდი შოუ". წლების განმავლობაში მონაწილეობდა უამრავ შოუში, როგორც საკუთარი სიმღერების შემსრულებელი, ასევე მის სიმღერებს მრავალი პოპულარული ჯგუფი თუ სოლისტი ასრულებდა, მათ შორის ისეთები, როგორიც არიან ჯგუფი "75", "ჯორჯია", მერაბ სეფაშილი - "თეატრონი", ვალერი ლომსაძე – "ჯადოსნური გზები", "პირამიდა" (თამაზ სიჭინავას ხელმძღვანელობით) "ბარძიმი", "სეფას ბიჭები", მამუკა ონაშვილი, კაკო ვაშალომიძე, ზურაბ კობეშავიძე, ირმა სოხაძე, ქეთა თოფურია, ნეკა სებისკვერაძე, თემურ ბოჯგუა, ნუგზარ კვაშალი, ზურა მანაგაძე, მიშა ზაქარიაშვილი, მამუკა მესხი, ბესიკ კალანდაძე, თემურ რევაზიშვილი, კობა ბეჟიტაშვილი და სხვა. ვრცლად

დისკოგრაფია-გამოფენები